ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე მიითვისა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის სალაროს ხელმძღვანელი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბანკის კუთვნილი 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
შსს-ის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. უწყების ცნობით, მან სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.